
უკან დაბრუნება
პირველი დღეები უნივერსიტეტში
08/26/2013
მას შემდეგ, რაც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2013 წლის გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, პირველკურსელებმა კალენდარზე დღეების შემოხაზვა დაიწყეს, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ სტუდენტობის პერიოდი ყველაზე საინტერესო, თავგადასავლებითა და სიახლეებით სავსე პერიოდია. თუმცა ეს ყველაფერი ცოტა მოგვიანებით იწყება, როდესაც პირველკურსელი ჯგუფელებსაც გაიცნობს და უნივერსიტეტის დერეფნების ლაბირინთსაც დაიმახსოვრებს. მანამდე კი უცხო გარემოს ათვისებისა და მასთან შეგუების დღეები ელის.თუ პირველკლასელისთვის სკოლის პირველი დღეები იმ მხრივაა რთული, რომ მშობლებთან განშორება უჭირს, პირველკურსელი უკვე იმ ასაკშია, როდესაც ყველაზე მეტად საკუთარი ადგილის დამკვიდრება, თავის წარმოჩენა და საუკეთესო შთაბეჭდილების დატოვება სურს. ამრიგად სწავლის პირველ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს, ქვემოთ მოყვანილი რჩევები კი, იმედია, დაგეხმარებათ.
უნივერსიტეტი ცოდნის ტაძარია და შესაბამის პატივისცემასაც მოითხოვს, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ისე უნდა აღიქვათ, როგორც დრამატული თეატრი ან ოპერა (მით უფრო, რომ აქ დრამატული არაფერია). ამიტომ ჩაიცვით ლაღად და თავისუფლად. ფეხზე მოხერხებული ფეხსაცმელი მოირგეთ, რადგან აუდიტორიის მოსაძებნად შეიძლება სართულიდან სართულზე, კორპუსიდან კორპუსში სირბილმა მოგიწიოთ. კარგი იქნება, თუ ტანსაცმლის რამე დეტალით საკუთარი ინტერესებისთვის ხაზის გასმას შეეცდებით. მაგალითად, თუ Star Wars-ისი ფანი ხართ, ამ ფილმის მაისური ჩაიცვით, რათა \"თქვენნაირების\" მოძებნა უფრო გაგიადვილდეთ, რაც პირველი კომუნიკაციის უხერხულობას მოგიხსნით.
პირველ სასწავლო დღეს უნივერსიტეტში დროულად მისვლა გოიმობა ნამდვილად არაა (როგორც ეს ადრე იყო). აქ მოსახვედრად მთელი წლის განმავლობაში მეცადინეობდით და ყველა გართობას იკლებდით, ასე რომ წესრიგის დაცვით საკუთარ შრომასაც სცემთ პატივს.
ნუ დაკომპლექსდებით. გახსოვდეთ, რომ აუდიტორიაში ზუსტად თქვენნაირად დაბნეული სტუდენტები სხედან. არც მათ იციან ლექტორი სახელი, სად არის საპირფარეშო ან რა ჰქვია უკანა მერხზე მჯდომ ყველაზე ლამაზ გოგონას. ამ ყველაფერს დროთა განმავლობაში გაარკვევთ.
შთაბეჭდილება ნელ-ნელა მოახდინეთ და ამის გაკეთებას პირველსავე დღეს ნუ შეეცდებით. არაფერია იმაზე აუტანელი, როდესაც ადამიანი ნაცნობობის პირველივე საათში გატყობინებს, რომ ზაფხულის არდადეგები იბიცაზე გაატარა, უბნის ყველაზე მაგარი ბიჭი მისი შეყვარებულია ან ინტიმურ ადგილებზე ტატუ აქვს.
ამის გაკეთება თუნდაც იმიტომ არ ღირს, რომ არასდროს იცი, ამდენ ახალ ადამიანს შორის ვინ არის შენთვის ყველაზე ახლობელი. მაგალითად, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ Call of Duty-ს შესახებ ელაპარაკები ადამიანს, რომელსაც \"სუპერ მარიოსი\" მარტო მუსიკა აქვს მოსმენილი, გვერდით მერხთან კი გიჟი გეიმერი ზის, რომელსაც სასწავლო წლის ბოლომდე ვერ შეამჩნევ, რადგან \"მარიოს\" არ მცოდნე ჯგუფელთან ურთიერთობით იქნები დაკავებული და შეიძლება Ghosts-ის გამოსვლაც გამოგეპაროს. სწორედ ამიტომ უპრიანია, თუ პირველ პერიოდში ყველასთან ზოგადი ნაცნობობით შემოიფარგლები. ასე იმასაც გაიგებ, რომელი ჯგუფელია სწავლაზე ორიენტირებული და რომელი მხოლოდ დროის ტარებაზე - არ დაგავიწყდეთ მეცადინეობაში გატარებული თვეები!
ნუ იქნებით მოსაწყენი. პირველ პერიოდში ნუ იტყვით უარს ახალ ჯგუფელებთან შეკრებაზე, გართობაზე ან სხვა აქტივობაზე. დროთა განმავლობაში, თავადვე მიხვდებით, გსურთ თუ არა ასეთი ურთიერთობა ან სულაც გააცნობიერებთ, რომ მათთან ერთად კინოში სიარულიც მოგწონთ, კემპინგიც და გუნდაობაც.
არ დაგავიწყდეთ, რომ რეპუტაციის შექმნა ლექტორებთანაც საჭიროა, ამისთვის კი მხოლოდ ორი რამ არის საჭირო - სწავლა და ზრდილობის ფარგლებში მოქცევა: ნუ გააცდენთ ლექციებს და ნურც მერხზე დაიძინებთ. ეს ლექტორს აფიქრებინებს, რომ არა მხოლოდ მის საგანს, არამედ მასაც არ სცემთ პატივს, რაც სემეტრის ბოლოს თქვენი მოსწრების შედეგებზე შეიძლება აისახოს.
ლექციის დროს მობილური ტელეფონის გამორთვის შეხსენება არ უნდა გჭირდებოდეთ. სულ მცირე, ტელეფონი ზარმა შეიძლება ლექტორის ყურადღება თქვენსკენ მოაპყროს და ისეთი კითხვა დაგისვათ, რომელზე პასუხიც არ გაგაჩნიათ. უფრო უარესია, თუ ზარად \"ბიტლზის\" რომელიმე სიმღერის ფრაგმენტი გიყენიათ, ლექტორი კი \"როლინგ სთოუნზის\" ფანია...
ამ ყველაფრის ფონზე კი ნუ დაგავიწყდებათ მთავარი - რატომ ჩააბარეთ ეროვნული გამოცდები, რადგან საუნივერსიტეტო განათლებას ვერასდროს ჩაანაცვლებს ვერც ჯანსაღი გართობა და ვერც საკუთარი ინდივიდუალიზმის გაუთავებელი მტკიცება.
[i]გისურვებთ წარმატებებს![/i]