
უკან დაბრუნება
აბიტურიენტის წელი
10/11/2013
სასწავლო წელი ერთი თვის წინ დაიწყო, მეთორმეტე კლასელებისთვის კი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება. მათ არა მხოლოდ სკოლა უნდა დაამთავრონ, არამედ მისაღები გამოცდებისთვისაც მოემზადონ, რაც ზოგჯერ დიდ ფსიქოლოგიურ სტრესთანაა დაკავშირებული. ასეთი მღელვარებისას კი შეცდომის დაშვება სავსებით მოსალოდნელია. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც, იმედია, სწორი მიმართულების არჩევაში დაგეხმარებათ.ჩვენთან, როგორც წესი, პროფესიის არჩევის პრეროგატივა მშობლებს ენიჭებათ, რაც მხოლოდ იშვიათად ემთხვევა აბიტურიენტის სურვილს. ამიტომ კარგი იქნება, თუ მოზარდი საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლობას გააცნობიერებს, თავს ზრდასრულ ადამიანად მიიჩნევს და გადაწყვეტილების მიღების უნარს გამოიმუშავებს, რაც, ცხადია, სულაც არ ნიშნავს, რომ არავის უნდა დაუჯეროს. უბრალოდ არჩევანის გაკეთებისა და მისი დაცვის შესაძლებლობა ექნება. ასეთ დროს მშობლებს მაქსიმალურად მართებთ შვილის აზრის პატივისცემა, რადგან ამ უკანასკნელმა უკეთ იცის, რა აინტერესებს, რისი ნიჭი აქვს და რისი კეთება სურს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
კარგი იქნება, თუ მშობელი აბიტურიენტს გამარჯვებისთვის განაწყობს, რაც მარტივი შექებითაც შესაძლებელია. წარმატების იმედი ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს, დაბალი თვითშეფასება კი ყველზე კარგად მომზადებულ აბიტურიენტსაც დაახევინებს უკან. თუ აბიტურიენტს ძალიან უნდა სამსახიობოზე ჩაბარება, ნუ ეტყვით, რომ უნიჭოა და სჯობს, საინჟინრო საქმეს დაეუფლოს. თუ ეს მართლაც ასეა, დაე, ამაში თავად დარწმუნდეს - დიდი დამარცხება აუცილებლად განაწყობს ახალი გამარჯვებისთვის.
ნუ მოიხიბლებით უმაღლესი სასწავლებლის რეპუტაციითა და ათწლოვანი ისტორიით, რადგან სასწავლებელში მიღებული ცოდნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ სად დაეუფლება ამ ცოდნას. ამიტომ ჯერ პროფესია აირჩიეთ, შემდეგ კი უნივერსიტეტი. ბევრი ახალი უმაღლესი სასწავლებელი გაცილებით მაღალი დონისაა, ჰყავთ კარგი სპეციალისტები, აქვთ თანამედროვე ტექნიკური ბაზა, უცხოეთთან კარგი კავშირები და ასე შემდეგ.
აბიტურიენტი მომავალი პროფესიისადმი სერიოზულად განაწყვეთ. მან უნდა იცოდეს, რომ ის მხოლოდ ხელფასის გამომუშავების საშუალება არაა და მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა. ამიტომ კარგი იქნება, თუ მომავალი პროფესიის არჩევას არა სკოლის დამთავრების წელს დაიწყებთ, არამედ გაცილებით ადრე, რათა გადაწყვეტილებაში თქვენც და თქვენი შვილიც ბოლომდე იყოთ დარწმუნებული. არც წამხედურობა გამოგადგებათ. რადგან ნაცნობების შვილები პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში აბარებენ, ეს არ ნიშნავს, რომ მათი არჩევანი ერთმნიშვნელოვნად სწორია. ამ მხრივ დამოუკიდებლად აზროვნება გაცილებით მეტი ხეირის მომტანია.
ნუ მოგერიდებათ რჩევის კითხვა. არ ხართ ვალდებული, ყველა უმაღლესი სასწავლებლის შესაძლებლობების შესახებ იცოდეთ, არც ყველა არსებულ პროფესიაზე უნდა ფლობდეთ ინფორმაციას. ამიტომ თუ ინტერნეტის მოხმარება შეგიძლიათ, კარგად შეისწავლეთ ჩვენი ინსტიტუტების ფაკულტეტები, საგნები და სხვა დეტალები. შეიძლება ამ ძიებისას ისეთ პროფესიას მიაგნოთ, აქამდე რომ არ იცოდით და რომლის სპეციალისტებზეც ჩვენთან ან, სულაც მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა.
თუ აბიტურიენტს ხელოვნების მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება, აფიშით მოამარაგეთ. დაე, თავად შეიქმნას წარმოდგენა თანამედროვე თუ კლასიკურ მხატვრობაზე, ქანდაკებაზე, თეატრზე, კინოზე. ზოგჯერ ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში უცხოელი ან ადგილობრივი პროფესორების საჯარო ლექციები იმართება - ნუ გამოტოვებთ. ერთი სიტყვით, ეს წელი მხოლოდ სავალდებულო საგნებში მომზადებაში კი არა, მომავალ პროფესიაზე ზოგადი წარმოდგენის შექმნაშიც დახარჯეთ, რადგან გამორიცხული არ არის, ბავშობიდან აკვიატებული პროფესია მოულოდნელად გაცილებით უკეთესმა და საინტერესომ ჩაანაცვლოს.