
უკან დაბრუნება
ჭარბი წონა
10/25/2013
ამერიკის პირველ ლედი მიშელ ობამა მეუღლის პრეზიდენტობის პირველივე დღეებიდან ებრძვის არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი მსოფლიოს ახალ სენს - ბავშვთა სიმსუქნეს. თანამედროვე ცხოვრების მოუწესრიგებელი რეჟიმისა და სწრაფი კვების ობიექტების მომრავლების მიზეზით ბავშვთა ჭარბწონიანობა ნელ-ნელა იქცევა მსოფლიოს ერთ-ერთ ნომერ პირველ პრობლემად. უფრო დიდ პრობლემას კი ის წარმოადგენს, რომ ბავშვობისდროინდელი სიმსუქნისგან განთავისუფლება ძალიან რთულია, რასაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არა ერთი პრობლემის გამოწვევა შეუძლია.ბავშვთა სიმსუქნესთან ბრძოლის მეთოდები ნამდვილად არსებობს და დღეს რამდენიმე მათგანს გაგიზიარებთ.
კვება
სწრაფი კვების ობიექტები სიმსუქნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. გარდა ამისა, ენერგიის გასაძილერებლად სულ უფრო მეტ ტკბილეულსა და ცხიმიან საკვებს ვიღებთ. საკვები პროდუქტების რეკლამები იმდენად მომხიბლავი და მიმზიდველია, თავის შეკავება ბავშვს კი არა, უფროსსაც უჭირს. ეს თანამედროვე ბაზრის წესია, რომელსაც რეალურად ნამდვილად შეგვიძლია გავექცეთ - მთავარია, გვახსოვდეს, რომ რამდენიმე წუთიანი სიამოვნება შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს და გემრიელმა ჰამბურგერმა სამუდამოდ ჩვენს სხეულში დაიბუდოს.
წონის მატების ხელშემწყობია გაზიანი სასმელი, კრეკერი, ჩიფსი, შოკოლადი, მიწის თხილი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი ბავშვებს ძალიან უყვართ, მაგრამ არა იმდენად, რომ მათთან განშორება ვერ გადაიტანონ, ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, მოარიდოთ - შინ გამუდმებით იქონიეთ ხილი, კოკა კოლა წვენით ან კომპოტით შეუცვალეთ, ჩიფსები კი შინ შემწვარი კარტოფილით, რასაც ამ ქვეყნად არაფერი შეედრება! ერთი სიტყვით, ეცადეთ შეუქმნათ ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ სკოლიდან გამოსულმა გზაში ხაჭაპური ან კრემიანი ფუნთუშა არ იყიდოს. სკოლაში ერთი ვაშლიც რომ გაატანოთ, ეს სრულიად საკმარისია, რომ შინ დაბრუნებამდე შიმშილმა რა შეაწუხოს.
ფიზიკური აქტივობა
სკოლის მოსწავლეთა დიდი უმრავლესობა დღის გარკვეულ ნაწილს ჯდომაში ატარებს: ჯერ სკოლაში, შემდეგ მეცადინეობისას, კომპიუტერთან, ტელევიზორთან და ასე შედეგ. ეს კი წონის აკრეფის იდეალური პირობაა.
მოზარდმა აუცილებლად უნდა იმოძრაოს, ითამაშოს, სპორტით დაკავდეს და ასე შემდეგ. თუ ბავშვი ძალიან გაზარმაცებულია, მაშინ თავად მოგიწევთ მაგალითის მიცემა. ნუ დაიზარებთ და პირველ ეტაპზე მაინც ეცადეთ ორიოდე საათი შვილთან ერთად სუფთა ჰაერზე გაატაროთ. უბრალოდ ისეირნეთ, შემდეგ კი უფრო აქტიური გახდით. სპორტული მოედნები პრაქტიკულად ყველა უბანშია, ბურთის გაგორებაზე მარტივი კი არაფერია.
ასეთი აქტივობა მოზარდს არა მხოლოდ ფიზიკურად მოამაგრებს, არამედ ზედმეტ ჭამასაც დაავიწყებს - კომპიუტერთან მოკალათებულს ხომ აუცილებლად მოუნდება სასუსნავი, რაც მის წონას სულ უფრო მეტ გრამებსა და კილოგრამებს დაუმატებს.
მკაცრი აკრძალვები
მზრუნველი მშობლები, რომლებიც კარგად აცნობიერებენ სიმსუქნის მავნებლობას, შვილებს მაქსიმალურად აკონტროლებენ და ზღუდავენ, უკრძალავენ კანფეტებს, შოკოლადს, არ აჭმევენ საღამოს 6 საათის შემდეგ და ა.შ. ერთი მხრივ, ეს კარგია - მშობელი შვილს ზედმეტი წონისგან და მავნე საკვებისგან იცავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ასეთი აკრძალვა უკურეაქციასაც იწვევს: ბავშვი ჯიბის ფულით ყიდულობს ტკბილეულს, დადის სწრაფი კვების ობიექტებში, იპარავს მურაბას, ჯემს, ქუჩაში ჭამს თონის პურის ყუას და ასე შემდეგ.
მშობელი კი ვერ ხვდება, რატომ არ აქვს შედეგი მის მცდელობას და ტკბილეულისადმი კონტროლს უფრო ამკაცრებს. ასეთ დროს სპეციალისტები გვირჩევენ, რომ სრული შეზღუდვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ბავშვისგან მხოლოდ აგრესიასა და დაუმორჩილებლობას ვიღებთ. ამრიგად
ტკბილეულიც და კოკა კოლაც გამოზომილად, იშვიათ შემთხვევაში მივცეთ, რათა უარესი უკუშედეგი არ მივიღოთ.