
უკან დაბრუნება
ოჯახური კინოსეანსები საახალწლო არდადეგებისას
12/18/2013
skolebi.com-ის სასარგებლო ამბების განყოფილებაში ახალ წელთან დაკავშირებულ რამდენიმე სტატიას წაიკითხავთ (ხელნაკეთი ნაძვის ხისა და სათამაშოების, ასევე საახალწლო არადადეგებისას ოჯახური გართობის შესახებ), ამჯერად კი იმ ფილმების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, რომელთა ნახვაც ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ (მიგითითებთ ფილმების ორიგინალურ დასახელებასაც, რათა მათი მოძებნა ადვილად შეძლოთ).ეს მშვენიერი ცხოვრება (Its a Wonderful Life) - კლასიკური ამერიკული ფილმი (1947 წელი) ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ჰუმანურ, კეთილ და სიყვარულით სავსე ფილმადაა მიჩნეული. მისი ავტორია ფრენკ კაპრა, ხოლო მთავარ როლს ჯეიმს სტიუარტი ასრულებს. \"ეს მშვენიერი ცხოვრება\" ერთგვარი თანამედროვე ზღაპარია, რომელშიც ანგელოზებსაც შეხვდებით, ხოლო ბედნიერი ფინალი აუცილებლად მოგგვრით სიხარულის ცრემლებს.
ფერის ბიულერის გამოსასვლელი დღე (Ferris Buellers Day Off) - ფილმ \"მარტო სახლში\" ავტორის, ჯონ ჰიუზის არაჩვეულებრივი ფილმი მოზარდებზე, მათ სურვილზე ადგილი დაიმკვიდრონ საზოგადოებაში და გახდნენ დამოუკიდებლები. ფილმი ამ ყველაფერს საოცარი იუმორით გადმოგვცემს, ძალიან კარგია დიალოგები, ხოლო ქუჩის აღლუმის სცენა, როდესაც მეტიუ ბროდერიკის გმირი \"ბიტლზის\" Twist And Shout-ს ასრულებს, ერთ-ერთ საკულტო სცენადაა მიჩნეული.
პატარძალი პრინცესა (The Princess Bride) - რობ რაინერის ფილმ-ზღაპრის სახელწოდებას პრაქტიკულად ყველა ტოპ სიაში შეხვდებით. ეს გახლავთ ბაბუას მიერ შვილიშვილისთვის მოთხრობილი ამბავი, რომელიც ჟანრისთვის დამახასიათებელ ყველა დეტალს აერთიანებს.
სულებით გატაცებულნი (Spirited Away) - ჰაიაო მიაძაკის \"ოსკარის\" მფლობელი ფილმი შესანიშნავ ისტორიასა და ვიზუალურ გარემოს გთავაზობთ. აქ ნახავთ იაპონური მითოლოგიის ძალიან ბევრ დეტალს, გაიცნობთ სულების სამყაროს ზღაპრულ ბინადრებს და, რაც მთავარია, ანიმეს საუკეთესო ტრადიციებში შესრულებული სანახაობის მოწმეც გახდებით.
სათამაშოების ისტორია (1, 2 ,3) (Toy Story) - ანიმაციური ტრილოგია, რომელიც მთელ ოჯახს სამ არაჩვეულებრივ საღამოს გაგატარებინებთ, ბავშვებს კი მეგობრობისა და ერთგულების კიდევ ერთ გაკვეთილს ჩაუტარებს. სტუდია \"დისნისა\" და \"პიქსარის\" ერთობლივი სამივე ფილმი ერთმნიშვნელოვნად შედევრია, მესამე სერია კი ტრილოგიის ბრწყინვალე დაგვირგვინება.
ვარსკვლავური ომები IV, V, VI (Star Wars) - ჯორჯ ლუკასის მიერ შექმნილი სამყაროს კლასიკური ტრილოგია თავისუფალი საღამოების შესავსებად საუკეთესო საშუალებაა. ნახეთ ეს შესანიშნავი ფილმები ბავშვებთან ერთად და კიდევ ერთხელ გაიხსენეთ შორეულ გალაქტიკაში ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარი თავბრუდამხვევი ისტორიები.
ოზის ჯადოქარი (The Wizard of Oz) - 1939 წლის კლასიკური ფილმი-ზღაპარი შესანიშნავი სანახაობითა და იმ დროისთვის ულტრათანამედროვე ვიზუალური ეფექტებით აუცილებლად გაგაოცებთ, დოროთისა და მისი მეგობრების თავგადასავალი კი რეალობას ცოტა ხნით მაინც მოგწყვეტთ.
ვინ დაასმინა კურდღელი როჯერი (Who Framed Roger Rabbit) - კინოსა და ანიმაციის გაერთიანების პირველი წარმატებული მცდელობა რეჟისორმა რობერტ ზემეკისმა 1988 წელს განახორციელა და ერთ-ერთი ეპოქალური ნამუშევარიც შექმნა. დარწმუნებული ვართ, ეს ფილმი ყველას გინახავთ, ახლა კი თქვენს შვილებთან ერთად ნახეთ.
რკინის გიგანტი (The Iron Giant) - ეს გახლავთ გულის ამაჩუყებელი ანიმაციური ისტორია ბიჭუნასა და რკინის გიგანტის მეგობრობაზე, რომელიც აუცილებლად მოგგვრით ცრემლებს. ვფიქრობთ, ასეთი კეთილი ფილმი ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ნანახი.
ფანტაზია (Fantasia) - თუ გინდათ თქვენი შვილი კლასიკურ მუსიკას აზიაროთ, გირჩევთ, სტუდია \"დისნის\" \"ფანტაზიით\" დაიწყოთ, რომელშიც საუკეთესო კლასიკური ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი პატარა ანიმაციური ისტორიებია თავმოყრილი.
მოჯადოებული (Enchanted) - კიდევ ერთი თანამედროვე ზღაპარი შესანიშნავი ემი ადამსით მთავარ როლში. ფილმი ბოროტი ჯადოქრის მიერ რეალურ სამყაროში გადმოსროლილ პრინცესაზეა, რომელიც ნიუ ორკში აღმოჩნდება, მაგრამ თავისი პრინცის ძიებას მაინც განაგრძობს.
ოქროს ციებ-ცხელება ( The Gold Rush) - ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთი შედევრი, რომელიც ხან მთელი გულით გაცინებთ, ხანაც დაგასევდიანებთ. ფილმში იმ დროისთვის წარმოუდგენელი სპეცეფექტებია გამოყენებული, რაც სანახაობას უფრო საინტერესოს ხდის.
საუზმის კლუბი (The Breakfast Club) - ჯონ ჰიუზის კიდევ ერთი შესანიშნავი ფილმი მოზარდებზე, მათ პრობლემებზე, დაფარულ დარდსა თუ სურვილებზე. ეს ფილმი აუცილებლად ანახეთ 13-17 წლის შვილებს - გვერწმუნეთ, გულგრილები არ დარჩებიან, ფილმის ბოლო სიმღერა კი მათი საყვარელი ტრეკების ჩამონათვალში დაიკავებს ადგილს.
ტენტენის თავგადასავალი (The Adventures of Tintin) - კომიქსების ბელგიელი ავტორის, ერჟეს საკულტო ნამუშევრის მიხედვით სტივენ სპილბერგის მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმი ნამდვილად შედევრია. ყურადღება მიაქციეთ ჯონ უილიამსის შესანიშნავ მუსიკას.
ნევერლენდის ძიებაში (Finding Neverland) - \"პიტერ პენის თავგადასავლის\" ავტორის, ჯეიმს მეტიუ ბერის კინოისტორია, რომელშიც მისი და ერთი მრავალშვილიანი ოჯახის მეგობრობას ვადევნებთ თვალს. ეს კი სწორედ ის ოჯახია, რომელმაც ბერის პიტერ პენის ისტორიის დაწერა შთააგონა.
მუსიკის ჰანგები (The Sound of Music) - რობერტ უაიზის მიერ 1965 წელს გადაღებული 5 \"ოსკარის\" მფლობელი ფილმი ერთი დიდი ოჯახის მუსიკალურ ამბავს გვიამბობს. ფილმის ნახვის დროს გაგახსენდებათ, რომ თითქმის ყველა სიმღერა სადღაც მოგისმენიათ.
თაგვზე ნადირობა (Mousehunt) - არანორმალურად სასაცილო ისტორია, რომელშიც ორი ზრდასრული მამაკაცი ერთ წრუწუნას დასდევს.
დაუსრულებელი ისტორია (Die unendliche Geschichte) - ვოლფგანგ პეტერსენის გერმანულ-ამერიკული ფენტეზი 80-იანი წლების ერთ-ერთი ჰიტია. მისი ნახვა შეგიძლიათ როგორც მოზარდ, ისე სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან ერთადაც.
უკან მომავალში 1,2, 3 (Back to the Future) - რობერტ ზემეკისის კიდევ ერთი საკულტო ტრილოგია დროში მოგზაურობაზე. არაჩვეულებრივი გასართობი ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრისთვის.
ნუ მოკლავ ჯაფარას (To Kill a Mockingbird) - ჰარპერ ლის საკულტო ნაწარმოების მიხედვით 1962 წელს გადაღებული ფილმი დღემდე ინარჩუნებს ყველა დროის შედევრის სტატუსს. მშობლისა და შვილების ურთიერთობის შესახებ ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიაა.
ძვირფასო მე ბავშვები დავაპატარავე (Honey, I Shrunk the Kids) - 80-იანების კიდევ ერთი ჰიტი მეცნიერ მამასა და მის ოჯახზე. მამა სახლში ცდას ატარებს, ერთი შეცდომის გამო კი თავის შვილებს ისე დააპატარავებს, რომ მათი დანახვა მხოლოდ ლუპით შეუძლია.
ოლივერ ტვისტი (Oliver Twist) - ჩარლს დიკენსის ნაწარმოების რომან პოლანსკისეული ეკრანიზაცია ამ რომანის ერთ-ერთ საუკეთესო კინოვერსიად მიიჩნევა, თუმცა კაროლ რიდის 1968 წლის ეკრანიზაცია \"ოლივერ!\", რომელსაც 5 \"ოსკარი\"აქვს მოპოვებული, ერთმნიშვნელოვნად შედევრია.
მესამე ხარისხის ახლო კონტაქტები (Close Encounters of the Third Kind) - სტივენ სპილბერგის შესანიშნავი ფილმი უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის შესახებ, რომელშიც ერთ უარყოფით პერსონაჟსაც ვერ შეხვდებით.
დიდი (Big) - თანამედროვე ზღაპარი ბიჭუნაზე, რომელსაც ძალიან უნდოდა დიდი ყოფილიყო. მან ეს ოცნება აისრულა, მაგრამ რეალობა არც ისე მომხიბლავი აღმოჩნდა, როგორც ეს ტომ ჰენკსის პერსონაჟს წარმოედგინა.
დიდი თევზი (Big Fish) - ტიმ ბარტონის არაჩვეულებრივი ფილმი ადამიანის სურვილზე იცხოვროს ზრაპარში. ეს არის მამისა და შვილის ურთერთობის წინააღმდეგობებითა და სიყვარულით სავსე ფილმი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.
ფოტო გალერეა