
უკან დაბრუნება
რამდენად გვესმის და ვენდობით შვილებს
01/13/2014
ურთიერთგაგება ნებისმიერი ოჯახის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტია. ჩვენი მორიგი ტესტიც სწორედ ამ თემას ეხმიანება: რამდენად კარგად გვესმის ჩვენი შვილების, რამდენად სწორად ვიღებთ მათ სიტყვებს, მოქმედებას, ტყუილად ხომ არ გვეპარება ეჭვი მათ სიმართლეში. ამაში გარკვევა მით უფრო აუცილებელია, რომ თანამედროვე ბაშვები სულ სხვა ტალღაზეა არიან მომართული, ჩვენი თაობისგან განსხვავებული შეხედულებები და სურვილები, მოტივაცია და ქმედებები გააჩნიათ. შეიძლება თვალსა და ხელს შუა ისე მოგვატყუონ, რომ ეჭვიც არ შეგვეპაროს, რამაც შეიძლება ნეგატიურ შედეგამდე მიგვიყვანოს. ან შეიძლება პირიქით მოხდეს - ეჭვით შეპყრობილმა მშობელმა ბავშვის გულწრფელი განზრახვა ვერ დაინახოს.1. შვილი გთხოვთ, რომ კვირა დღეს ადრე არ გააღვიძოთ, რადგან გამოძინება უნდა.
ა) რა თქმა უნდა, ბავშვი გადაღლილია, დასვენება სჭირდება, ისედაც ძალიან ბევრს მეცადინეობს.
ბ) მართლაც რომ უნდოდეს გამოძინება, შუაღამემდე კომპიუტერთან არ იჯდებოდა.
გ) უბრალოდ დიდხანს უნდა ლოგინში კოტრიალი.
2. ოჯახი გასასეირნებლად ემზადება, ის კი გეუბნებათ, რომ სეირნობის სურვილი არ აქვს და რომ მის გარეშე წახვიდეთ.
ა) მოგწონთ, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და თავისუფალ დროს გასართობსაც თავად გამოძებნის.
ბ) ფიქრობთ, რომ ოჯახისგან დაშორებას ცდილობს. გული გწყდებათ, რომ თქვენთან დროის გატარებას სხვა საქმით დაკავება ურჩევნია.
გ) შინ დარჩენა სურს. მეტი არაფერი.
3. სკოლიდან მობრუნებული თანაკლასელის შესახებ გეუბნებათ, რომ გიორგი ცუდი ბიჭია.
ა) ფიქრობთ, ბავშვს უნდა, რომ მოუსმინოთ და, თუ საჭირო იქნება, მხარიც დაუჭიროთ.
ბ) არ მოგწონთ, რომ სხვა ბავშვის შესახებ ასე საუბრობს. ფიქრობთ, რომ შეიძლება პრობლემა თქვენს შვილშია.
გ) შვილის მიერ გამოთქმულ შეფასებას მშვიდად იღებთ. იქნებ გიორგი მართლაც ცუდი ბიჭია.
4. შვილს სთხოვთ თავისი ტანსაცმელი მოაწესრიგოს, ის კი გპასუხობთ, რომ არ სცალია, რადგან სამეცადინო აქვს.
ა) მოგწონთ, რომ სწავლის მიმართ ასეთი პასუხისმგებლობა გააჩნია. მიგაჩნიათ, რომ თავისი ძირითადი მოვალეობისადმი საქმიანი დამოკიდებულება აუცილებლად იმსახურებს შექებას.
ბ) ფიქრობთ, რომ გატყუებთ და ტანსაცმლის მოწესრიგება უბრალოდ ეზარება, სახელმძღვანელო კი თვალის მოსატყუებლად უჭირავს.
გ) მართლაც იმდენი აქვს სამეცადინო, რომ სხვა საქმისთვის დროს ნამდვილად ვერ გამონახავს.
5. სადილისას ცოტას ჭამს და როდესაც მიზეზს ეკითხებით, გპასუხობთ, რომ არ შია.
ა) თავად უკეთ იცის, რამდენი უნდა ჭამოს. მომწონს, რომ ზედმეტ კალორიებს ერიდება.
ბ) დღის განმავლობაში ალბათ იმდენი ტკბილეული ან ჰამბურგერი ჭამა, რომ მადა აღარ აქვს.
გ) უბრალოდ არ შია. მისი ნებაა.
6. როდესაც რამეს უშლით, გიყვირით, რომ არ უყვარხართ.
ა) ფიქრობთ, რომ ასე დამოუკიდებლობის დემონსტრირებას აკეთებს და საკუთარ ინტერესს იცავს. ეს თვისება მომავალში გამოადგება.
ბ) გგონიათ, რომ დედის ავტორიტეტი მისთვის არაფერს ნიშნავს. მამას ამას ალბათ ვერ გაუბედავდა.
გ) ალბათ არასწორად ექცევით და ამიტომაც აქვს ასეთი რეაქცია.
7. მეცადინეობისას მათემატიკის სახელმძღვანელოს გვერდით სწევს და ამბობს, რომ ვერაფერი გაიგო.
ა) ასე ცდილობს გაგაგებინოთ, რომ თქვენი დახმარება სჭირდება.
ბ) ზარმაცობს ან იმიტომ ვერ იგებს, რომ გაკვეთილი გააცდინა.
გ) მათემატიკა რთული საგანია, ყველას არ შეუძლია მისი გაგება.
8. სახლიდან გასასვლელად ემზადება და შემოსასვლელში ხმაურობს: კარადის კარს აჯახუნებს, უჯრებს აღებს და ხურავს, დალაგებულ ტანსაცმელს ურევს, ფეხსაცმელს ძირს ყრის.
ა) ფიქრობთ, რომ ეჩქარება და იმიტომაც ფაციფუცობს. ასეთ დროს ჯობს არ გაეკაროთ, რათა ხელი არ შეუშალოთ.
ბ) წუხართ, რომ თქვენს შრომას არ აფასებს და დალაგებულ კარადებს ურევს. არადა არაფერი განსაკუთრებული საქმე არ აქვს - უბრალოდ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად მიდის, შინ კი არეულობას ტოვებს.
გ) თქვენ ფიქრობთ: ნეტა რატომ ხმაურობს, რას ეძებს, წარმოდგენა არ მაქვს, რისი ჩაცმა უნდა ან სად მიდის. მის ფიქრებთან დაწევას ვერ ვასწრებ.
პასუხები:
5 ან მეტი \"ა\": პოზიტიურად აზროვნებთ, შვილის აზრსა და გადაწყვეტილებას პატივს სცემთ, რაც მასთან ურთიერთობაში დამატებითი ქულაა, თუმცა ყურადღებას ზედმეტადაც ნუ მოადუნებთ. ზოგჯერ ისიც შეიძლება ცდებოდეს.
5 ან მეტი \"ბ\": ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი ხართ, მაგრამ რაციონალურმა აზროვნებამ შეიძლება სიმართლის დანახვაში შეგიშალოთ ხელი. შვილის მიმართ ნდობა აუცილებელია, რადგან უნდობლობა ზოგჯერ პრობლემის შემჩნევას ართულებს.
5 ან მეტი \"გ\": ზედმეტად მიმდობი ხართ, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. გირჩევთ, შვილის ყოველ სიტყვას უპირობოდ ნუ დაიჯერებთ, რადგან ზოგ ბავშვს თავისი ნაივური დამოკიდებულებით ადვილად შეუძლია მშობლით მანიპულირება.