
უკან დაბრუნება
ვსწავლობთ ცურვას ( ვიდეოგაკვეთილი)
08/01/2014
ზაფხულში ოჯახების უმეტესობა დასასვენებლად ისეთ ადგილს ირჩევს, სადაც წყალია: ზღვა, ტბა, მდინარე. ეს საუკეთესო საშუალებაა, რათა ბავშვებს ცურვა ასწავლოთ, თუმცა როგორც სპეციალისტები გვირჩევებ, ცურვის სწავლა აუზში უფრო კარგია, რადგან იქ ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაკლებად ღრმა აუზებიცაა. ნებისმიერ შემთხვევაში, ცურვის სწავლა აუცილებელია. გარდა იმისა, რომ ეს ჯანსაღი ცხოვრების წესის საწინდარია, წყალთან ურთიერთობა უფრო სახალისო და უსაფრთხოცაა.პირველ რიგში დაივიწყეთ წინაპრების მეთოდები და ბავშვს მოულოდნელად ნუ ჩააგდებთ წყალში იმ იმედით, რომ ინსტინქტურად გაცურავს. გარდა იმისა, რომ ეს ბავშვის მიმართ ძალადობად განიხილება, შესაძლოა, ძალიან შეეშინდეს, რაც ცურვისადმი ინტერესს დაუკარგავს. ჯობს ცურვა მეთოდურად ვასწავლოთ, წყლის მიმართ შიში მოვუხსნათ და ყოველი წარმატების შემდეგ შევაქოთ.
კარგი იქნება, თუ ცურვის სწავლამდე ბავშვს ერთგვარ წინაპირობას შეუქმნით: წყალს დაბადებიდან მიაჩვიეთ, აუვსეთ აბაზანა და ხელით აცურავეთ, ზაფხულში გასაბერი აუზი მუდამ წყლით გქონდეთ სავსე. ანუ ბავშვს წყლის არ უნდა ეშინოდეს. შიში მაშინ ჩნდება, თუ ბავშვს დაცულობის გარანტია არ აქვს, ამიტომაც უკეთესია, თუ ცურვას აუზში ასწავლით ანუ სადაც კარგად ხედავს ფსკერს, კიდეებს, არ არის დინება, წყალმცენარეები, მედუზები და ასე შემდეგ.
შეარჩიეთ ადგილი, სადაც წყალი ბავშვს მკერდამდე სწვდება, შემდეგ კი წყალში ბუქნაობისა და ჩაყვინთვის უფლება მიეცით - დაე, წყალს საბოლოოდ შეეჩვიოს. ამით წყლის კონტროლსაც ისწავლის და მიხვდება, რომ არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამის შემდეგ ყველაზე ცნობილი და მოსახერხებელი ბაყაყურის ხელების მოძრაობა ასწავლეთ. როდესაც ნახავთ, რომ ხელებს სწორად ამოძრავებს, თითები გაშლილი არ აქვს და ხელისგულებს ნიჩაბივით ხმარობს, შესთავაზეთ ფეხები ფსკერს მოსწყვიტოს და თუნდაც ორიოდე წამით ასე გაჩერდეს.
არ დაგავიწყდეთ ყურადღების გამახვილება სწორ სუნთქვაზე. ხელების წინ გაშლისას უნდა ჩაისუნთქოს, ხოლო ხელების მოსმის დაწყებისას უნდა ამოისუნთქოს.
მას შემდეგ, რაც ბავშვი ხელების მოძრაობას ისწავლის და წყალზე გაჩერებასაც შეძლებს, ფეხების მოძრაობის სწავლაზე გადადით. ჯერ თავად ანახეთ ეს როგორ უნდა გააკეთოს. ხელები აუზის კიდეს მოჰკიდეთ და ფეხები ნელა აამოძრავეთ, რათა ბავშვმა უკეთ დაინახოს და აღიქვას. შემდეგ უკვე პატარას ჯერია: ხელებით დაიჭირეთ, თავად კი ფეხები ფსკერს მოსწყვიტოს და თქვენს მიერ გაკეთებული მოძრაობები გააკეთოს.
დგება ხელებისა და ფეხების სინქრონულად მოძრაობისა და უშუალოდ ცურვის სწავლის დრო. ასეთ დროს ძალიან ამართლებს ბავშვის მუცლით დაჭერა, რის დროსაც მისი ყველა კიდური თავისუფალია. მუცლით დაჭერა წყალზე ტივტივის შთაბეჭდილებას ქმნის, ამავდროულად ბავშვმა იცის, რომ მშობლის მცხრიდან დაცულია, დაზღვეულია, ამიტომ მოქმედებაში უფრო თამამი და გამბედავია. ამ დროს შეგიძლიათ ხელები ოდნავ მოაშოროთ, მაგრამ განზე ნუ გადგებით, რადგან ბავშვს შეიძლება წყალში მარტო დარჩენის გამო შეეშინდეს, ამიტომ ისე მოიქეცით, ვითომ ჯერ კიდევ გიჭირავთ.
როდესაც შეატყობთ, რომ წყალზე ტივტივი არ უჭირს, ხოლო ხელებსა და ფეხებს სინქრონულად და სწორად ამოძრავებს, დგება დამოუკიდებლად გაცურვის ჯერი, რაც დაახლოებით ისეთივე პროცესია, როგორიც ფეხის ადგმა. კარგი იქნება, თუ დანიშნულების ორ წერტილს შექმნით: დედა და მამა 2-3 მეტრის დაშორებით დადექით, ერთ-ერთმა ბავშვი დაიჭირეთ, ნელ-ნელა წყალში ჩაუშვით და როდესაც გასაცურად მზად იქნება, ოდნავ უბიძგეთ, მაგრამ არა ისე, რომ წყალმა თავზე გადაუაროს და შეაშინოს. ოდნავი ბიძგი მას სტიმულს შემატებს, გარდა ამისა, მოპირდაპიურე მხარეს მდგომ მეორე მშობელთან უფრო მიაახლოვებს და დაამშვიდებს. როდესაც დისტანციას დაფარავს, არ დაგავიწყდეთ, შეაქოთ - ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ცურვის სწავლის პირველ დღეებში დიდი დისტანციების დაფარვას ნუ აიძულებთ, რადგან მისი ორგანიზმი ახალ მოძრაობებსა და სწორ სუნთქვას უნდა შეეჩვიოს. ნურც ცურვის ახალი სტილის სწავლებას შეეცდებით - პირველ ჯერზე ბაყაყური სრულიად საკმარისია, სხვა სტილი კი დააბნევს და მეტად დაღლის.
ნუ დაიზარებთ და მუდამ მის გვერდით იყავით, მით უფრო ზღვაში ან მდინარეში, რადგან ცურვის სწავლით გათამამებულმა შეიძლება ღრმად მოინდომოს შეცურვა.
ცურვის მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს, ნელ-ნელა ეს პროცესი გართობად აქციეთ. მაგალითად, აუზში პატარა რეზინის სათამაშოები მიმოფანტეთ და მათი შეგროვება სთხოვეთ, ითამაშეთ ბურთით და ასე შემდეგ.
გახსოვდეთ, რომ ცურვა არ გახლავთ მხოლოდ საზაფხულო გართობა. ის საუკეთესოდ ავითარებს ორგანიზმს, სხეულს აკაჟებს და ზოგადად კარგი ჯანმრთელობის საწინდარია.